ევროკავშირი: რუსეთის გადაწყვეტილება სასურსათო კრიზისის მოგვარებას საფრთხეს უქმნის

ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების გადაწყვეტილება გააუქმოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა. ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება სასურსათო კრიზისის მოგვარებას საფრთხეს უქმნის.

„რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს  თავისი მონაწილეობა შავი ზღვის განბლოკვის შესახებ შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას ომის შედეგად გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება", - წერს ბორელი.


29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.

რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ კიევმა თავდასხმა დიდი ბრიტანეთის დახმარებით მოაწყო, რასაც უკრაინა და დიდი ბრიტანეთი უარყოფენ.

22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა