საფრანგეთის მთავრობა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინიდან, მარცვლეულის სახმელეთო დერეფნების გავლით ექსპორტის დაშვებაზე მუშაობს. ამის შესახებ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცახდა.
„ჩვენ ხშირად განვიხილავთ ამას ევროპულ დონეზე - ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ შესაძლებელია თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა საზღვაო ტრანსპორტირება შეუძლებელია,ექსპორტის სახმელეთო ტრანსპორტით განხორციელება“, - თქვა მარკ ფესნომ რადიო-ინტერვიუში.
მისივე თქმით, ასეთი მარშრუტები შესაძლოა, რუმინეთის ან პოლონეთის გავლით განვითარდეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ სისტემის შემუშავებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს არ ვიყოთ ვლადიმერ პუტინის ხელში“, - დასძინა მინისტრმა.
მისი თქმით, მან ეს საკითხი უკვე განიხილა ევროპის სხვა ქვეყნებთან, კერძოდ გერმანიასთან.
იმავდროულად, გერმანიის მთავრობამ მოუწოდა მოსკოვს დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას. მთავრობის სპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ძალიან წარმატებული იყო.
თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უპირველესად საზღვაო ექსპორტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
„ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - თქვა ანდრეა სასემ.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.