აშშ უკრაინაში $47 მილიონიან პროექტს იწყებს

აშშ უკრაინას სახმელეთო ნაღმების, მიტოვებული საბრძოლო მასალისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში დაეხმარება. შეერთებული შტატები უკრაინას ასეთი საფრთხეების გამოვლენაშიც დაუჭერს მხარს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მოცულობაც $47 მილიონს შეადგენს.

კერძოდ, Tetra Tech-ი უკრაინელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს და სამუშაოსთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს მიაწვდის.

პროექტი ასევე მხარს უჭერს დამატებითი ჯგუფებისა და ფეთქებადი საბრძოლო მასალის რისკის შემსწავლელი ჯგუფების განლაგებას, ამ პროცესში უკვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

ეს დახმარება 91,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც მომავალი წლისთვის არის განსაზღვრული. ხსენებული პაკეტი უკრაინას გადაუდებელი ჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრაში უნდა დაეხმაროს.

„რუსეთის უკანონო ომმა და უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, ქვეყნის ნაწილი ნაღმებით, აუფეთქებელი ჭურვებითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაფარა. ეს ფეთქებადი საფრთხეები ბლოკავს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, აფერხებს რეკონსტრუქციის მცდელობებს, ხელს უშლის დევნილთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში და განაგრძობს უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და დასახიჩრებას.

უკრაინის მთავრობის შეფასებით, მისი მიწის 160 000 კვადრატული კილომეტრი შეიძლება, დაბინძურებული იყოს - ეს დაახლოებით ვირჯინიის, მერილენდისა და კონექტიკუტის შტატების ფართობს უტოლდება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

აღნიშნული მიმართულებით, 1993 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე 4,7 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ჩადო.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.