დმიტრო კულებამ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ირანული დრონის ნაწილები წარმოადგინა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების შეხვედრისას წარმოადგინა ირანული წარმოების თვითმფრინავის ნამსხვრევები.

ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.

„დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩემი დღევანდელი გამოსვლისას მათ ვაჩვენე ირანული წარმოების თვითმფრინავის ნაწილი, რომელიც ახლახან დაესხა თავს კიევს. ირანმა უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც უკრაინელების მოსაკლავად იყენებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი გლობალური ზეწოლისა და შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან“, - წერს კულება.

3-4 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება.


შეგახსენებთ, ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.

დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.