ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს

2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება.

რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა სმილოვმა.

მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა.

„გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა. 

მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“. 

ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).

  • 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან.

ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.

ასევე წაიკითხეთ: