უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ზბიგნევ რაუმ „სარაკეტო ინციდენტთან“ დაკავშირებული გამოძიების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
მისივე თანახმად, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტები უკვე ჩავიდნენ პოლონეთში, რათა რაკეტის აფეთქების ადგილზე გამოძიება ჩაატარონ.
„უკრაინა და პოლონეთი კონსტრუქციულად და ღიად ითანამშრომლებენ რუსული სარაკეტო ტერორით გამოწვეულ ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენი ექსპერტები უკვე იმყოფებიან პოლონეთში“, - განაცხადა კულებამ.
15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.
პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“.
16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.