პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა გერმანიის შეთავაზება, რომელიც პოლონეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას გულისხმობს.

პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში სარაკეტო აფეთქების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფს სარაკეტო სისტემებს და დაეხმარება პოლონეთს საჰაერო პატრულირებაში.


ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.

პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა.

უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.