სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკეებები უშედეგოდ დასრულდა.
ბელგრადსა და პრიშტინას შორის, მოლაპარაკებების ორგანიზატორი ევროკავშირია. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია.
„მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მხარეები დღეს ვერ შეთანხმდნენ საკითხის საერთო გადაწყვეტაზე... ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები, რომლებიც თავიდან აიცილებდნენ ესკალაციას. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მიიღო ისინი, პრემიერ-მინისტრმა კურტიმ კი არა", - თქვა ბორელმა.
კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება პირველ ნოემბერს დაიწყო.
პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ.
20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე.
ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს.