- EBRD-ი ალტერნატივას ეძებს „ახალი აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთის მარშრუტისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე გადის.
რუსეთის ფედერაციის გავლით ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტის ოპტიმალური ალტერნატივების დადგენის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ცენტრალურ აზიის ქვეყნებსა და ევროპის TEN-T ქსელს (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი) შორის, საუკეთესო შესაძლო კავშირებს იკვლევს.
EBRD-ის კვლევა ევროკომისიის დაფინანსებით 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. კვლევის შუალედური დასკვნა უკვე გამოქვეყნდა.
Europetime-თან ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირისთვის, რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია.
„ომში ჩართულობის მიუხედავად, რუსეთი პოზიციებს არ თმობს და ცდილობს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებას. რუსეთის მიზანია, ამ სივრცეში მთელი ლოგისტიკური სისტემის შეცვლა და ინვესტიციების მოზიდვა. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია სანქტ-პეტერბურგის პორტი, პირდაპირ დაუკავშირდეს მუმბაის პორტს. რამდენიმე საცდელი გადაზიდვა რუსეთმა უკვე გააკეთა. თუმცა რამდენიმე ადგილზე არ აქვს მაკავშირებელი რგოლი და ცდილობს მათ შევსებასა და გააქტიურებას“, - ამბობს გოჩავა.
მისივე თქმით, ევროპა ხედავს, რომ რუსეთი ამ სივრცეში ყოფნას აძლიერებს. ამიტომ ცდილობს შეისწავლოს, რომელი განშტოება და მიმართულება იქნება მისთვის ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილი.
„აქ მთავარი ღერძია კასპიის ზღვა და მისი დასავლეთის განშტოება - აზერბაიჯანის მარშრუტი. ასევე საინტერესოა კასპიის ზღვით კავშირი მაჰაჩყალის პორტთან და შემდეგ ტვირთების პირდაპირი ტრანზიტი ირანთან. თუმცა, აქ ყველაზე უფრო პერსპექტიულია შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის. 2023 წლის ზაფხულისთვის უნდა მომზადდეს EBRD-ის დასკვნა, რომელიც უპასუხებს კითხვას, თუ რომელი მიმართულებაა ევროკავშირისთვის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი“, - აღნიშნავს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი.
რას გულისხმობს EBRD-ის შუალედური დასკვნა
RailFreight-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუალედურ დასკვნაში EBRD-ი ხაზს უსვამს უზარმაზარ განსხვავებას ე.წ. რუსულ მარშრუტსა და შუა დერეფანს შორის, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევა კომპანიებისთვის, რომლებიც რუსულ ტრანზიტს თავს არიდებენ.
საგულისხმოა, რომ 2021 წელს რუსეთის მარშრუტზე 1,5 მილიონი TEU (კონტეინერი) ტრანსპორტირდა. EBRD-ის მონაცემებით, 2022 წლისთვის შუა დერეფანი მაქსიმუმ 80,000 TEU-ს მიაღწევს, რაც ახლოსაა მის მაქსიმალურ სიმძლავრესთან, რომელიც დაახლოებით 100,000-120,000 TEU.
EBRD-ის შეფასებით, ინვესტიციები შუა დერეფანში დაახლოებით 3,5 მილიარდ ევროს უნდა შეადგენდეს და მისი წარმატება ძირითადად მარშრუტის გასწვრივ მყოფი ქვეყნების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.
იმავდროულად, EBRD ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად, ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტად, შუა დერეფნის გავლით ტრანზიტს განიხილავს.
ამ მარშრუტს სათანადო განვითარება არ აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი.
ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს აწყდებიან, ართულებს იმის დადგენას, თუ როდის გახდებიან ისინი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი კარიბჭეები.
EBRD-ის მიმდინარე კვლევის საინტერესო ასპექტია ისიც, რომ ფოკუსირებულია არა მხოლოდ ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, არამედ პროექტის შესაძლო განვითარებაზე სხვა ქვეყნებში, როგორიცაა თურქმენეთი და ირანი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული სურვილი, ამ ქვეყნებში გამოიკვლიოს და განავითაროს შესაბამისი მარშრუტები, შესაძლოა, რუსეთის ჩარევის დაბალანსების მცდელობად შეფასდეს.
სანქციების შემდეგ, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციამ დაამყარა მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ამავდროულად, ის დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში (INSTC) და მისი მარშრუტების ვარიანტებში, როგორიცაა ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის, ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით ირანში და საბოლოოდ ტრანზიტი ინდოეთში.
რუსეთის ფედერაციისთვს რომ მნიშვნელოვანია ეს მარშრუტი, ამას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანდრეი ბელოუსოვის კომენტარიც ადასტურებს:
„რატომ არის მნიშვნელოვანი დერეფანი „ჩრდილოეთი - სამხრეთი?“ - იმიტომ, რომ ის კვეთს მთელ რიგ სატრანსპორტო დერეფნებს ღერძზე „ჩრდილოეთი - სამხრეთი“, მათ შორის მათ, ვინც გვერდს უვლიან რუსეთს. ამიტომ, ეს დერეფანი პერსპეტივაში, მთელი რიგი ტვირთნაკადების იქითკენ გადართვის საშუალებს იძლევა“, - ამბობს ბელოუსოვი.
შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის დინამიკა იზრდება
2022 წლის ოქტომბერში საქართველომ, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებას მეორედ უმასპინძლა. თბილისში, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ.
> ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ხოლო ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა.
„ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაზე წერს აზერბაიჯანული მედია.
2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია.
მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია.
Europetime-თან პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, „შუა დერეფნის“ წარმატება დამოკიდებული იქნება მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, ყაზახეთზე, რომელიც ტვირთების ტრანზიტის დივერსიფიცირების გადაწყვეტილების შემდეგ, ტრანსკასპიური დერეფნის მსხვილი მოთამაშე ხდება.
„ყაზახეთმა უნდა მოახდინოს ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა და რეგულარული და საიმედო სატვირთო გადაზიდვების გრაფიკის შემუშავება. თუ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი გადაზიდვების ალტერნატივა, წინასწარგანჭვრეტადი და საიმედო გარემო პროცესებში ჩართული ყველა მხარისთვის ყაზახეთმა უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს გოჩავა.
მისივე თქმით, „შუა დერეფნის“ წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ტარიფებისა და გადაზიდვის სისწრაფე და საბაჟო პუნქტების გამართული მუშაობა.
უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბერს, ქალაქ აქტაუში, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე საქართველოს აზერბაიჯანის, თურქეთისა და, ყაზახეთის მონაწილეობით, მინისტერიალი იმართება.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.