კელი დეგნანის თქმით, აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას უნდა წარედგინოს

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირის მტკიცე რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას წარედგინოს.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები ეთანხმება ევროკავშირის რჩევას, რომ ეს კანონპროექტი უნდა წარედგინოს ვენეციის კომისიას.

„ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.


შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს პარლამენტმა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.