ლატვიამ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხ „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საკრებულოს ხელმძღვანელმა ივარს აბოლინსმა განაცხადა.

აბოლინსის თქმით, გადაწყვეტილება 6 დეკემბერს დილით „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის გამო“ მიიღეს.

„დოჟდი“ ლატვიაში მაუწყებლობას 8 დეკემბერს შეწყვეტს.

„დარღვევების მთლიანობის შეფასებით, NEPLP დარწმუნდა, რომ „დოჟდის“ ხელმძღვანელობას არ ესმის დარღვევების მნიშვნელობა და სერიოზულობა და, შესაბამისად, არ შეუძლია იმოქმედოს ლატვიის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა.  

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭო ასევე, „დოჟდის“ მაუწყებლობის დაბლოკვას იუთუბზეც ითხოვს, რათა არხი არ იყოს ხელმისაწვდომი ლატვიაში.

უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთში ტელეარხი „დოჟდი“ დაბლოკეს და, ისევე როგორც ბევრი სხვა დამოუკიდებელი მედია, იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ დოჟდმა მიიღო ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია, სადაც არხის ბევრი ჟურნალისტი გადავიდა საცხოვრებლად.

ივლისში დოჟდმა მაუწყებლობის განახლება გამოაცხადა. დეკემბერში ლატვიის ხელისუფლებას ტელეარხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია ჰქონდა. ამრიგად, NEPLP-მა „დოჟდს“  10,000 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რადგან გამოიყენა რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია, ასევე სიტყვების „ჩვენი არმიის“ გამოყენებისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა მოითხოვა სადგურის თანამშრომლებისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმება მას შემდეგ, რაც წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანიას „შეუძლია“ რუსი სამხედროებისთვის დახმარების აღმოჩენა, რის შემდეგაც ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტელეარხის შემოწმება დაიწყო.