საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოსკოვს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მიუხედავად ორგანიზაციიდან მისი გარიცხვისა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, კვლავ გამოთქვამს წუხილს.

კომიტეტმა ასევე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაიწყოს განაჩენის აღსრულება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც დაკავშირებულია 2008 წელს საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტთან.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) საქმეზე დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ რეზოლუციაში, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 16 მარტს ევროპის საბჭოს წევრობა შეუწყვტეს, რუსეთის ფედერაციას მაინც მოეთხოვება განახორციელოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მინისტრთა კომიტეტი აგრძელებს მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას“.

მინისტრთა კომიტეტმა ასევე მიიღო შუალედური დადგენილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II).

  • კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, წარუდგინონ მინისტრთა კომიტეტს გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა და გამოიძიონ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში, ასევე ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულები.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ღრმა შეშფოთება, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში  საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შეუძლებლობის გამო და დაჟინებით სთხოვს რუსეთის ფედერაციას, რომელსაც აქვს ეფექტიანი კონტროლი ამ რეგიონებზე, უზრუნველყოს დაყოვნების გარეშე დაბრუნების მსურველთა უსაფრთხო დაბრუნება თავიანთ სახლებში. მინისტრთა კომიტეტი ორივე საქმის აღსრულების განხილვას 2023 წლის მარტში განაახლებს.


შეგახსენებთ, 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა .

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე .

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.