ედუარდ სააკაშვილი: მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. 

„როცა ვნახულობ ციხეში თუ კლინიკაში ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ ის უარესადაა, უფრო ავადაა, და ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. და ჩვენ, ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებული და ანერვიულებული ვართ ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა უარესდება დღიდან-დღემდე. ის საავადმყოფოშია უკვე 6 თვე, მაგრამ ეტყობა სათანადო მზრუნველობას არ იღებს და ამიტომ მისი მდგომარეობა უარესდება.

ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ. მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაც უნდა შეიცვალოს. ძალიან გვეშინია, რომ რამე საშინელება არ დაემართოს მას და ვცდილობთ, რომ ჩვენი ოჯახისთვის ამ მძიმე პერიოდში გამოვძებნოთ გამოსავალი და გამოსავალი არის ძალიან მარტივი, როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად – მიეცეს მას საშუალება, რომ იმკურნალოს საზღვარგარეთ სათანადო კლინიკაში.

ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი მეგობრებისგან ევროპაში მაგრამ ვითარება ძალიან მძიმეა და რაღაც უნდა შეიცვალოს. რა მოხდება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ჩვენთვის ნათელი ჯერ არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ეს ცვლილება და მე ვფირობ რომ მამაჩემის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა გადარჩეს. იმედი მაქვს, მამაჩემი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ გარდაიცვლება”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა [მთავარი არხის თარგმანი]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა და მისმა ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.


უფრო ადრე, 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

 

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.