რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები

„ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი - თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „რუსთავი 2-ს“ განუცხადა.

რატი ბრეგვაძე ამბობს, რომ არსებობს სიმულაციური ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

„მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის და ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი“.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვამბობთ რაიმეს, მეც ვთქვი, რომ გარკვეული სიმულაციები შეგვიძლია, ვიხილოთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის დამდასტურებელი მასალა და ასეთი არის, მათ შორის ვიდეომასალა, შემიძლია, ეს დაგიდასტუროთ.

ასევე, გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამინი ხელს უშლიდა მათ შორის ექიმების საქმიანობას და ასევე ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას.

ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და საჭირო გახდება იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება, სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ჩვენ იძულებულები გავხდებით სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები და ეს საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმ ყველაფერს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.