„ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის მდგომარეობას. ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კელი დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტის შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება.
„ამ პროცესის ზედმეტად შეფერხება რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და დამატებით კითხვებს აჩენს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.
გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილიც წაიკითხა, რომელშიც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.
„მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.
ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.
ამასთან, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, რომ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდება.
„როგორც მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს, შესაბამისად, ეს საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას.
ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ ეს გონივრული ვადა არის 1 თვე და სწორედ ეს ვადა სჭირდება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, - განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.