ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული.
„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე, დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა, ამიტომ იძულებული ვარ მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ, ვიდრე არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ პროცესზე ვიდეოლინკით მაინც ჩართვის. ყოველგვარ დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.