სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის კადრებს ავრცელებს.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს. როგორც უწყება განმარტავს, ვიდეომასალაში "ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები", რომლის მიზანია "მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა".
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.
ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს”, - წერია განცხადებაში, რომელსაც პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
- „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
- რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
- გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.