აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს

16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. 

SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს. 

„შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2022 წლის 18 ივლისს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.

მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა“, - წერს აზერბაიჯანული მედია.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

„დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.

2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.