ნედ პრაისი: მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის გაუწიოს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობა, როგორც ეს რეკომენდებულია სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების მიერ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და საჭირო სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს. „რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

მას შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და ამერიკელი ექიმების რეკომენდაციასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. 


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.