ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი - კობახიძე

ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება ჩართული იყო სააკაშვილის გამოგზავნაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მოწოდებას.

„თვითონ სანდუს, თუ არ ვცდები, ჰყავს მოლდოვის მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერებით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, რადგან მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია“, - განაცხადა კობახიძემ.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.