საქართველო, შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, ფსკერის კვლევებზე €30 მილიონს დახარჯავს

საქართველო შავი ზღვის ახალი ელექტროკაბელის მშენებლობისთვის, შავი ზღვის ფსკერის შესწავლას €30 მილიონით დააფინანსებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განაცხადა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და ადგილობრივი რესურსების გატანა მოვახერხოთ ევროპაში. უფრო მაღალ მსყიდველობით ბაზარზე, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ჩვენ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას.

ასევე ძალიან დიდი როლი ექნება ტრანზიტს. ამ პროექტში წამყვანი როლი აქვს საქართველოს, 2 მილიონი ევრო, რაც საჭირო იყო ტექნიკურ ეკონომიკური კვლევებისთვის, უკვე გადაიხადა საქართველომ და აქ მსოფლიო ბანკის დახმარებაცაა.

ასევე ის, რომ ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით 30 მილიონი ევროს ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც დავიწყებთ სკანირებას, რომელზეც უნდა გაიაროს ამ კაბელმა, რათა ფორსირება გავუკეთოთ ამ პროცესს.

2023 წლის ბოლოს იტალიური კომპანია CESI-ისგან გვექნება სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დასაბუთება მოგვცემს ინფორმაციას თუ რა უნდა იყოს საინვესტიციო თანხა, მარშრუტი 1,100 კილომეტრია.

აღნიშნული სიგრძის პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ამის ნახევარი კაბელი არის, მაგარმ ამ სიგრძე არ ყოფილა,"- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ, წერს bm.ge.


ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.

19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს.

ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა.

კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.