სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: სააკაშვილთან დაკავშირებით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეკითხვებს პასუხი გავცეთ

ბიოლოგიური ნიმუში უნდა ავიღოთ, რადგან ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაა დანიშნული, - კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, ვასილ კაკაშვილი მივიდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სააკაშვილის პოზიციას დღეს პირადად მისგან მოისმენს.

„როგორც მოგეხსენებათ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რომელიც არის დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული საექსპერტო დაწესებულება, დანიშნულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რისთვისაც საჭიროა, ბატონი სააკაშვილისგან მოვახდინოთ ბიოლოგიური ნიმუშების აღება.

სააკაშვილთან დაკავშირებით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შეკითხვებს პასუხი გავცეთ", - განაცხადა მან.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.