შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: აღარავინ საუბრობს, რომ ის პოლიტპატიმარია, საკითხს წერტილი დაესვა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტების კამპანიის კარგი შედეგია ის, რომ სააკაშვილზე, როგორც პოლიტპატიმარზე აღარავინ საუბრობს.

"სააკაშვილის გარშემო ძალიან ბევრი სიყალბისა და ტყუილ-მართლის არევა ხდება ერთმანეთში. ჩვენ ვნახეთ მისი უცხოელი ადვოკატი თუ ლობისტი, რომელიც პირდაპირ ტყუილს ავრცელებს, მათ შორის, მოწამვლასთან დაკავშირებით. მთელი მუხანათობა ამ დეზინფორმაციული კამპანიის არის ის, რომ გადაჭრით თითქოს არაფერს ამბობენ და დაბნეულობა შეაქვთ საზოგადოებაში. დილით იტყვიან, რომ მოწამლეს, საღამოს სააკაშვილი იტყვის რომ არა არ მომწამლესო.

მეორე დღეს სააკაშვილი გაუგზავნის რუს ბლოგერს, რომ ის მოწამლეს, მეორე დღეს ადვოკატი უარყოფს, რომ არ მოწამლეს. ამით აბნევენ საზოგადოებას იმისთვის, რომ გახადონ ის მოწყვლადი დეზინფორმაციის მიმართ. ამას ჩვენ ვაკვირდებით 450 დღეა. არაფერი არ შეცვლილა, ერთადერთი შეიცვალა ის, რომ არავინ საუბრობს მის პოლიტპატიმრობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.