პოლონეთმა რუსული ნახშირის იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა

პოლონეთმა 2022 წელს ზღვით 14 მილიონი ტონა ნახშირი შემოიტანა, რითაც რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩაანაცვლა. 

ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მართვის მინისტრის მოადგილემ კაროლ რაბენდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წლის ბოლომდე პოლონეთს მივაწოდეთ 14 მილიონი ტონა ნახშირი“, - განაცხადა კაროლ რაბენდამ და აღნიშნა, რომ ეს არის რეკორდული მოცულობა, რომელიც ქვეყნის პორტებმა მიიღო. 

„ნახშირის ნაკლებობა, რომელიც პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და კერძო საწარმოები რუსული ნახშირის ხარჯზე ავსებდნენ, წელს გაქრა“, - თქვა რაბენდამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოახერხა მომარაგების წყაროების დივერსიფიცირება.

„შეიძლება ვთქვათ, რომ პოლონეთი 100%-ით დამოუკიდებელია რუსული ნახშირის იმპორტისგან“, - განაცხადა პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მინისტრის მოადგილემ.

2022 წლის აპრილში პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელის თანახმადაც რუსეთიდან ნახშირის მიწოდებაზე ემბარგო ამოქმედდა და ქვეყანამ ნახშირის შესყიდვა ავსტრალიიდან, ინდონეზიიდან, კოლუმბიიდან, შეერთებული შტატებიდან და სამხრეთ აფრიკიდან დაიწყო.

პოლონეთი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ტონა ნახშირს აწარმოებს, გარდა ამისა, რესპუბლიკა ადრე 20 მილიონ ტონამდე იმპორტს ახორციელებდა.

პოლონეთის მთავარი სტატისტიკური სამსახურის ცნობით, 2020 წელს პოლონეთმა გამოიყენა 62,4 მილიონი ტონა ნახშირი. 2021 წელს რესპუბლიკაში, ენერგეტიკის სექტორში ქვანახშირის მოხმარება 30%-ით გაიზარდა. 

ასევე წაიკითხეთ: