უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მთავრობა იმედოვნებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებასა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ორი წლის პერსპექტივაში მოელის.
დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა სიზუსტითა და თანმიმდევრობით რა უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინა სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში.
„ახლა ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის იმპლემენტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯები. ასევე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რათა მკაფიოდ გავიგოთ შესრულებული სამუშაოს მოცულობა“, - განაცხადა შმიგალმა.
ამასთან, შმიგალის თქმით პარალელურად, უკრაინა მოემზადება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
„შემდეგ ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ვიმედოვნებთ ამ გზის გავლას ორ წელზე ნაკლებ დროში და მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა ევროკომისიის დიდი დელეგაცია, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და 10-ზე მეტი ევროკომისრის შემადგენლობით.
„ეს იქნება არა მხოლოდ ომში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალი, არამედ ასევე აჩვენებს, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის“, – აღნიშნა დენის შმიგალმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.