საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებული 24 წლის ახალგაზრდა კაცი, მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ექიმები აცხადებენ.
ამასთან, მკურნალობა უგრძელდება კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული ქვედა კიდურებზე. მათ გაუკეთდათ ოპერაციული ჩარევა და ამ ეტაპზე მკურნალობას სტაციონარულ რეჟიმში გადიან. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.