გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვევა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს.

მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება.

საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის.