ესტონეთი, გასულ კვირას უკრაინის მხარდასაჭერად გამოცხადებულ სამხედრო დახმარების რეკორდული პაკეტის ფარგლებში, უკრაინას თავის კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადასცემს.
ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა განაცხადა.
„ჩვენს კუთვნილ 155 მმ-იან ჰაუბიცებს სრულად გადავცემთ უკრაინას. გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი განაცხადონ, რომ არ შეუძლიათ უკრაინას ომის მოსაგებად საჭირო იარაღი მიაწოდონ", - თქვა ესტონეთის ელჩმა უკრაინაში.
ელჩმა ასევე გაასაჯაროვა იმ იარაღის სია, რომელსაც ესტონეთი უკრაინას გადასცემს.
სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 155 მმ FH-70 და 122 მმ D-30 ჰაუბიცების "ათეული"; 155 მმ კალიბრის ათასობით საარტილერიო ჭურვი; ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი M2 „Karl-Gustaf“ საბრძოლო მასალით; საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები.
ესტონეთის სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკრაინაში უკვე გადააჭარბა ესტონეთის მშპ-ს 1%-ს.
როგორც ცნობილია, დანია უკრაინას აძლევს 19-ვე ჰაუბიცა „კეისარს“, რომელიც მან საფრანგეთს შეუკვეთა. ლიეტუვა უკრაინას გაუგზავნის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს Stinger-ს, ვერტმფრენებს, ტყვიამფრქვევებს ამუნიციით და დრონებს.
ფინეთმა ასევე უკრაინისთვის რეკორდული 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რაც ორჯერ მეტია წინა პაკეტების ერთობლივ ღირებულებაზე.