კელი დეგნანი: თვალყურს ვადევნებთ, ომბუდსმენის შეფასებას სააკაშვილის საქმეზე, ჩემი მთავრობა საკითხით შეშფოთებულია

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელწმიფოს პასუხისმგებლობაა მისი სამედიცინო მეთვალყურეობა და უფლებების დაცვა უზრუნველყოს. ამის შესახებ კელი დეგნანმა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა. 

დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია აღნიშნული საკითხით.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა მისი უფლებების დაცვა.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ასევე, სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეშფოთებული ვართ, ასევე, ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით.

მათ შორის, როდესაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს საჭირო მკურნალობას, რაც მისთვის აუცილებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას სააკაშვილის უფლებები", - თქვა კელი დეგნანმა. (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი)

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.


8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.