საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
- სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს
- კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განმარტა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესაბამის პროცედურებს ამზადებს.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა წელს დაიწყება.
„დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის პროცედურებს ამზადებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე ჩვენ საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ და პოტენციურ ინვესტორებს მოვიწვევთ. მაგრამ ჩვენ მათ შემოსვლას არ დაველოდებით. ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პოსტის მშენებლობა.
ასევე, აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა. აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე აქტიურად ვმუშაობთ. ასე რომ, ყველა მიმართულებით ჩვენ პოზიტიური სიახლეები გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.
„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
- ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
- ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
- ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის
- პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია
ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.
ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.