დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს.

"ჩვენ არ ვეგუებით მოცემულობას. ახლა ბიძინა ივანიშვილს აქვს შემდეგი კარტი გაშლილი, რომელიც გათვლილია ჩვენს დანებებაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ დეპუტატების ბრძოლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყველანი ყოფილიყვნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მე ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ დავინახე და რომ ყოფილიყვნენ, დაეხმარებოდნენ კოლეგებს.

ახლა მაინც უნდა შეუერთდნენ დარბაზში და მაქსიმალურად დრო უნდა გაიწელოს და განხილვაში უნდა შეყვნენ, რომ ხალხმა მოახერხოს მობილიზაცია ადგილზე და თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ არამართლზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატს სანქცია, ეს ამინდს ვერ შექმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ.

ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ეს პროცესი ისტორიულია და შედეგი იქნება ორი - ან მრავალი ათწლეულით დამარცხება ან ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ღალატი არამარტო მათი მხრიდან იქნება ჩადენილი თუ ამ კანონს მიიღებენ და თავიანთი გაუვათ, არამედ ჩვენს მიერაც იქნება ღალატი ჩადენილი, თუ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. მჯერა ქართველი ხალხის გონიერების და სიმტკიცის", - განაცხადა მელიამ.


შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც.

ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადარომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.

2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. 

ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

რას გულისხმობს კანონპროექტი

პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი.

მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

„ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.

ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.