სასამართლო რეფორმის, ასევე, დეოლიგარქიზაციის საკითხს ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით ბოლომდე მივიყვანთ - პაპუაშვილი

არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ე.წ. დეპოლარიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული.

„ზოგიერთ დეპუტატს თითი თითზე არ დაუდია იმისთვის, რომ რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. შევახსენებ ყველას, რომ „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს, საერთოდ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობდნენ, კენჭისყრებში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ გაეფუჭებინათ აფუჭებდნენ, დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ და ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით.

ეს გარკვეულწილად ცინიზმია ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავის დროზე დამსახურებული კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, რეკომენდაციების გადმოცემის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაიშალოს ამ პუნქტების შესრულება. მიუხედავად ამისა, ხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული, ჩვენ მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა სტრატეგიას მივიღებთ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას და ამით მე-8-ე და მე-9-ე საკითხები დიდწილად შესრულდება და დარჩება ორი ძირითადი - სასამართლო რეფორმის და დეოლიგარქიზაციის, რომელსაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ასევე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამ საკითხსაც ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.


28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 2022 წლის 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.