ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს

შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის.

სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში.

ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. 

ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.

სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან:

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით.

შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს.

პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.

გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს  მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს.


აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს.
 
ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ.

ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს.


ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით.

„რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას.

მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება.

საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა.