აშშ-ის ოფიციალური პირი საუბრობს, როგორ დაუჭერს მხარს შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარებას

აშშ შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მედიას აშშ-ის საგარეო კომერციული სამსახურის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა განუცხადა.

მისი თქმით, შუა დერეფნის განვითარება ხელს შეუწყობს სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოებას და ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას.

„აშშ-ის შეუძლია, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თავისი გამოცდილების გაზიარებით და ამერიკული კერძო კომპანიების გამოცდილების გაზიარებით“, - დასძინა მან.

არუნ ვენკატარამანმა აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანიები ამ კუთხით გამოცდილების გასაზიარებლად მზად არიან. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა კერძო კომპანიებს არ მიმართავს, რომელ ქვეყანაში ან რეგიონში განახორციელონ ინვესტიცია. მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს თავისი კომპანიების საქმიანობას.

„აშშ რეალურად მტკიცედ უჭერს მხარს შუა დერეფნის განვითარებას და მტკიცედ უჭერს მხარს ყველა ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის ძალისხმევას რეგიონში, რათა შუა დერეფანი წარმატებული იყოს. ჩვენ გვესმის, რომ შუა დერეფანი უნდა იყოს რაც შეიძლება ძლიერი და ფუნქციონალური, რათა ხელი შეუწყოს გაფართოებულ სავაჭრო ნაკადს, რითაც შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანა ისარგებლებს, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. შემდგომ პროექტს შეუერთდნენ უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი. ამჟამად მარშრუტი ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ გადის.


ცნობისთვის, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  

ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.

აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. 

„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს.

შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.