ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ძალისხმევას, ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ Europetime-ს განუცხადა.
პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა.
„ჩვენთვის ცნობილია აშშ-ის გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ოთხი ქართველი პირის შესახებ. საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება, აშშ-ის გადასაწყვეტია და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ეს უკვე გააკეთეს.
მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა. ველით, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთლიან სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ ჯაჭვში, და საფუძვლიან რეფორმას გაატარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ძალისხმევას“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს.
ევროკავშირის სპიკერის თქმით, ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული.
მისივე განმარტებით, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა.
ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.
„ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში.
როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა.
Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია.
„ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მიმდინარე სამართალწარმოებაზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს.
მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს.
„ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება.
სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები.
კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.
- ასევე წაიკითხეთ: უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს