უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს დღეს იწყებს.
Europetime-ის ინფორმაციით, აპატურაი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს.
ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.
ჯეიმს აპატურაი საქართველოს გასული წლის აპრილშიც სტუმრობდა. NATO-ს ოფიციალურ პირს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმინეს.
მაშინ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ.
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის შეფასებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის.
აპატურაიმ ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას, ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც, ჩაწერილია კონსტიტუციაშიც.
„NATO-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და ვფიქრობ, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, - აცხადებდა აპატურაი მედიასთან.