საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალი თბილისის მოსახლეობასა და ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია. პარტიული პრეფერენციების მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეინიშნება. NATO-ს მხარდაჭერის შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სხვა ჯგუფებთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ნაკლებად ხედავენ სარგებელს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.
NDI-ის კვლევით, წინა, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ევროკავშირთან – 29%-დან 54-მდე, 24%-დან 12-მდე შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა.
ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი განსაკუთრებით თბილისისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებში და ახალგაზრდებში გაიზარდა.
ამავე კვლევიდან: NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა
რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას კაცები უფრო ემხრობიან, ვიდრე ქალები.
ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ სურვილზე მიუთითებს. ევროკავშირის მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველა დემოგრაფიულ კატეგორიაში მაღალია.
მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი: 82%-სთვის მისაღებია; 9%-სთვის მიუღებელი; 8%-მა არ იცის.
უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
ამავე კვლევით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაფერს აკეთებს.
NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.
მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი: 73%-სთვის მისაღებია; 13%-სთვის მიუღებელი; 13%-მა არ იცის.
NATO-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის.
NDI-ს თანახმად, უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია.
- უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.
-
ახალგაზრდები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას.
ქალები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას, ვიდრე კაცები.
ოპოზიციის მხარდამჭერები, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შედარებით, უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 17-23 მარტს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატში. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევისგზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოპასუხების დონემ შეადგინა 14%. ცდომილების ზღვარია +/- 2%.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. საველე სამუშაოები ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 25 აპრილს გასაჯაროებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას.
მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია.
ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება