რა გზავნილებით ჩავიდა ლაიენი უკრაინაში და რას გულისხმობს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი, შეზღუდვების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მოიცავს.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„პირველ რიგში, ჩვენ ვამატებთ მეტი სახეობის საქონლის იმპორტის აკრძალვას, განსაკუთრებით, უახლესი ტექნოლოგიების ან თვითმფრინავების ნაწილებს, რომლებიც რუსეთში, მესამე ქვეყნის მეშვეობით გადააქვთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპული საქონელი მიდის მესამე ქვეყნის დახმარებით რუსეთში, ევროკომისიამ, შესაძლოა, შესთავაზოს წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესება ამ საქონლის ექსპორტის წინააღმდეგ.

მესამე ელემენტი არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩრდილოვანი ორგანიზაციების აკრძალვა რუსეთიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიზანმიმართულად არღვევენ სანქციებს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევაჩეროთ რუსეთი.

ჩვენი სანქციები მუშაობს, მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ იმპორტი რუსეთიდან, რაც უდიდესი დარტყმაა რუსეთის შემოსავლებისთვის. კომისიამ დაამტკიცა მე-11 პაკეტი, რომელიც ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლის საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ პარტნიორებთან, მათ შორის G7-ის ქვეყნებთან“, – განაცხადა ლაიენმა.


ევროკომისიის პრეზიდენტის ძირითადი გზავნილები ასეთი იყო:

  • განვიხილეთ უკრაინის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.
  • პატივისცემე გამოვხატე უკრაინის ძალისხმევისამი, რომელიც რეფორმებზე სრულმასშტაბიანი ომის ფონზე მუშაობს.
  • მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
  • უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერისა და ექსპერტიზის იმედი მთელი პროცესის განმავლობაში.
  • ვავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა პუტინის ომის მანქანა გავანადგუროთ და მისი შემოსავლების წყარო დავხუროთ.

თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს.

„უკრაინა ყოველდღე აჩვენებს ჩვენი თავდაცვისუნარიონაბას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტული რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში, იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა ბრძოლაში თანაფარდობის მნიშვნელობას.

„ამ კონტექსტში, დღეს ურსულა ფონ დერ  ლაიენს მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, მიაწოდოს უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ჭურვების შესყიდვისა და მიწოდების ტემპი, რადგან უკვე არსებობს ამ საბრძოლო მასალის საჭიროება ბრძოლის ველზე.

გარდა ამისა, ლაიენის ვიზიტისადმი მიძღვნილ პოსტში, ზელენსკის Facebook-ზე ნათქვამია, რომ ამიერიდან, 9 მაისი ევროპის დღე იქნება ევროკავშირსა და უკრაინაში.