რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნა] კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”.
კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას
„მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის სინამდვილეში ამ ყველაფრის შინაარსი და შედეგი.
რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციას, აქ უკვე წამოვიდა სპეკულაციები. ეს სპეკულაციები გაგრძელდება და უფრო მეტიც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და ამის მტკიცებულებებს ნახავთ თქვენ ალბათ ხვალ ზეგ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც ისინი აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარ კავშირში არ არის.
ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.