ვინც აცხადებს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა - პაპუაშვილი

ვინც ამბობს, რომ ორმხრივი სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, საქართველომ უნდა გარისკოს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"ერთი წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კეთილსინდისიერი პარტნიორები. თავიდანვე ვთქვით და ამ პრინციპს მივყვებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს. სხვათა შორის, ამაზეც თავიდან ჰქონდათ თითქოს ატეხილი სკანდალი, თუმცა შემდეგ ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი დაეთანხმა პრინციპს, რომ საქართველომ არ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამას ეთანხმებოდნენ, ახლა თითქოს სხვა შეფასებები ისმის, როცა საუბარია სავიზო შეზღუდვებზე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

ეს იგივე სანქციაა. ამიტომ ორი პრინციპია მთავარი – საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და ესკალაციის ბოლოს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ვინმეს ინტერესში თუ შედის, რომ აქ კონფლიქტი იყოს, მაშინ თქვას, განაცხადოს და იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან", - თქვა პირველი არხის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა.



აშშ-ის გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.

გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.