ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზებ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ ჩინეთთან ურთიერთობის სტრატეგიას მსოფლიოში მისი მზარდი გავლენის გამო. შესაბამის ინფორმაციას Financial Times-ი ბორელის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბორელმა წერილი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა.
ბორელის წერილის მიხედვით, ევროკავშირი არ უნდა ესწრაფოდეს „განვითარებადი ქვეყნების მზარდი ძალაუფლების შეფერხებას“.
მისი შეფასებით, ბევრი განვითარებადი ქვეყანა ჩინეთს დასავლეთის და, შესაბამისად, ევროპის საპირწონედ მიიჩნევს.
„მათი უმრავლესობა უხალისოდ უჭერდა მხარს სანქციებს, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ჩინეთმა გამოიყენა შესაძლებლობა, თავი წარმოაჩინოს „არააგრესიულ ზესახელმწიფოდ“, რომელიც ომებს არ იწყებს ან ზეწოლას არ ახდენს სხვა ქვეყნებზე, რომ მათ სანქციები დააწესონ „მისი მეტოქეების წინააღმდეგ“.
„ჩინეთის ამბიციები აშკარად მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ, რომლის ცენტრშიც ჩინეთი იქნება. უკრაინაში რუსეთის დამარცხება ჩინეთის ტრაექტორიას არ შეაფერხებს. ჩინეთი აქედან გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას შეძლებს“, - წერს ბორელი.
ჩინეთის მიმართ ახალი პოლიტიკა მომავალ თვეში შემუშავდება და მოსალოდნელია, რომ ახალ სტრატეგიაში მეტი მნიშვნელობა მიენიჭება „კონკურენტის“ სტატუსს.
აპრილის ბოლოს, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ.