პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში

12 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით უკრაინას ეწვეოდა.

ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ადრე რუსეთში ჩინეთის ელჩის პოზიციაზე მუშაობდა, საერთაშორისო ტურნე, 15 მაისს დაიწყო. მისი ტურნე მოიცავს უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა ვიზიტის მიზნები განმარტა და აღნიშნა, რომ „ეს არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“.


დღეს, 17 მაისს, უკრაინაში მართავს შეხვედრებს. ეს ცნობა უკრაინული სააგენტოების ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი. მისი მიხედვით, ჩინეთის სპეცწარმომადგენელს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, ხსენებული მოგზაურობა შედგა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბრისას, 26 აპრილს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.

რაზე ისაუბრეს მხარეებმა - უკრაინული მედია წერს, რომ შეხვედრისას კულებამ და ლიმ განიხილეს უკრაინისა და ჩინეთის ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, რუსული აგრესიის შეჩერების გზები.

აქ აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.

დღეს კი, როგორც ირკვევა, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, კულებამ ლის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას.

„მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში.

მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ.

მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა.

დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი