აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გააპროტესტებენ ქვეყნების მიერ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების გადაცემას. ამის შესახებ Politico იტყობინება, რომელიც პენტაგონის წარმომადგენელს ესაუბრა.
მისივე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თეთრმა სახლმა არაერთხელ უარყო ამ საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის შესაძლებლობა, მას არასოდეს გამოურიცხავს მესამე მხარის გადაცემის დამტკიცება სხვა ქვეყნის მიერ.
„როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სხვა ქვეყნების მიერ უკრაინაში F-16-ების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, პენტაგონის წარმომადგენელმა მიუთითა Politico-ს იანვრის სტატიაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირს ციტირებდა: „მე არ ვფიქრობ, რომ მესამე მხარის მიერ გადაცემის (F-16-ების, რედ.) იდეის წინააღმდეგნი ვართ“, - ამბობდა პენტაგონის წარმომადგენელი. თუმცა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.
გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.
დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.