NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის, ისრაელის სტილის უსაფრთხოების შეთანხმებას განიხილავენ, ვიდრე სამხედრო ალიანსში მის გაწევრიანებას წლები რჩება, იტყობინება Washington Post-ი 22 მაისს.
ისრაელი არ არის NATO-ს წევრი და აშშ არ არის ვალდებული, ხელშეკრულებით დაეხმაროს მას სამხედრო გზით. თუმცა, ისრაელს „განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთან, როგორც ვაშინგტონის ყველაზე მტკიცე პარტნიორთან ახლო აღმოსავლეთში", - წერს Washington Post.
შეერთებულმა შტატებმა 2019-დან 2028 წლამდე ისრაელისთვის 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ვალდებულება აიღო.
მსგავსმა შეთანხმებამ შესაძლოა, შეაკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან გრძელვადიან ომში.
Washington Post-თან ინტერვიუში, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ იდეა უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შორის სულ უფრო პოპულარული გახდა.
15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა ,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთთან, საწყისი წერტილი იქნება ალიანსში გაწევრიანების წინსვლისთვის.
„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა ევროპაში, აქვს აზრი იმის განხილვას, თუ როდის და როგორ შეიძლება, გახდეს უკრაინა ალიანსის წევრი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
„ივლისში, ვილნიუსში NATO-ს სამიტის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება, მოკავშირეები აპირებენ უკრაინა-NATO-ს საბჭოს ამოქმედებას, რომელიც „მომავალი წევრობის კარიბჭის როლს შეასრულებს“, - წერს Washington Post-ი NATO-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.