„ჩინეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან 454 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ,რომელიც გვერდს აუვლის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსეთს“, იტყობინება რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.
ამ შეთანხმების მიხედვით, მარშრუტი ჩინეთიდან ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპისკენ შემცირდება 900 კმ-ით.
ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 18-19 მაისს, ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე „ცენტრალური აზია - ჩინეთი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები.
- ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა
- ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან
სამიტზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ცენტრალური აზიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტრანსევრაზიული სატრანსპორტო კერის სტატუსის ამაღლებას და „ჩინეთ-ცენტრალური აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების გაძლიერებას.
სამიტის მონაწილეებმა განიხილეს მულტიმოდალური სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების ხელშეწყობა, როგორიცაა ჩინეთი-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია და ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპა, განსაკუთრებით ტრანსკასპიური მარშრუტების გამოყენება აქტაუს, კურიკისა და თურქმენბაშის საზღვაო პორტების ჩათვლით.
სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის ახალი რკინიგზის მშენებლობასა და არსებული სარკინიგზო და საგზაო ქსელების მოდერნიზაციაზე ჩინეთიდან ცენტრალურ აზიამდე.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩინეთი გეგმავდა რკინიგზის აშენებას რუსეთის გვერდის ავლით. თავდაპირველად, ახალი გზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 14 სექტემბერს, სამარყანდში გამართული (SCO) სამიტის ფარგლებში. ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის განხორციელების შემდეგ ნაბიჯებს, როგორიცაა, დეტალური დიზაინის შემუშავება, კვლევა და ინვესტიციისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრა.