საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი მოსკოვში ვიზიტით 6 თებერვალს იმყოფებოდა.
ბორელი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე ყურადღება გაამახვილა. დიპლომატიური ვიზიტის შესახებ საკუთარ პერსონალურ ბლოგში წერს.
„რუსეთის ხელისუფლებამ არ მოისურვა ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებობის გამოყენება. დასანანია, უნდა გავითვალისწონთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს", - წერს ბორელი.
ბორელიმ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ რუსეთმა ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა, ამ ფაქტით ევროკავშირის კომისარმა ჩათვალა, რომ რუსეთმა ევროპასთან კონსტრუქციული დიალოგის შანსი ხელიდან გაუშვა.
„გარკვეულ პერიოდში რუს კოლეგასთან დიალოგი საკმაოდ დაიძაბა, როდესაც ნავალნის დაუყოვნებელი გათავისუფლება და მკვლელობის მცდელობის სრულყოფილი გამოძიება მოვითხოვე“, - აცხადებს ჟოზეპ ბორელი.
ჯოზეპ ბორელიმ საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემაზეც ისაუბრა.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სირიისა და ლიბიის კრიზისი ასევე იყო ის საკითხები, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი პრობლემური სამეზობლოს მიმოხილვის დროს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად რჩებიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამ ყველაფრის განხილვისას, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ სრულად უნდა სცეს პატივი ეუთოს ვალდებულებებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას“.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის თქმით, რუსეთი და ევროპა ერთმანეთის სულ უფრო შორდებიან. ბორელი აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისთანავე სთხოვა ლავროვს, რომ გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვათ, თუმცა თხოვნა ამაო აღმოჩნდა.
„გზაჯვარედინზე ვართ", - აცხადებს ბორელი რუსეთზე და დასძენს, რომ დღევანდელი სტრატეგიული გადაწყვეტილებები 21-ე საუკუნის დიპლომატიის ბედს განსაზღვრავენ. უმაღლესი კომისარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს შეუძლია მოვლენებზე გავლენა იქონიოს, რისთვისაც დიპლომატიურ ჩართულობასთან ერთად, ნათელი ხედვა და მიზნებია საჭირო.
„კედლებს მიღმა საკუთარი თავის გამოკეტვა და სხვებისთვის უსაფრთხოებაზე მოწოდება ვერ გახდის ევროკავშირს უფრო უსაფრთხოს",- აღნიშნავს ბორელი.
მისი თქმით, ევროკავშირმა პრობლემებს თვალი უნდა გაუსწოროს და თუ საჭიროა მოწინააღმდეგეებს მათ “სახლის ეზოშიც“ შეხვდეს.