ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს, რომლებიც კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმირ კარა-მურზას სისხლისსამართლებრივ დევნასა და უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდაა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ოლეგ სვირიდენკოს, გამომძიებლებს, დენის კოლესნიკოვს და ანდრეი ზადაჩინს, არაკომერციული ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ექსპერტის" დირექტორს, დანილა მიხეევს.

ასევე დასანქცირდნენ ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა მიშჩენკო, ბასმანის სასამართლოს მოსამართლე, ელენა ლენსკაია, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ილია კოზლოვი და სერგეი პოდოპრიგოროვი და მე-5 საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი დმიტრი კომნოვი.

სიაში შეყვანილი პირების ქონება გაყინვას ექვემდებარება. ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.


რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.

„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.

ლატვიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.