Reuters-ის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფრიკელი ლიდერების „სამშვიდობო ინიციატივის“ ძირითადი ელემენტები უარყო.
აფრიკის შვიდი ქვეყნის ლიდერებმა პუტინს განუცხადეს, რომ ომი მთელ მსოფლიოს აზიანებს. დელეგაცია პუტინს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ შეხვდა.
პუტინმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები იყვნენ პასუხისმგებელნი კონფლიქტზე ბევრად ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრებოდა.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთი იყო პასუხისმგებელი გასული წლის დასაწყისში სურსათის მსოფლიო ფასების მკვეთრ ზრდაზე, რამაც განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა აფრიკას. მან განუცხადა დელეგაციას, რომ „უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, არაფერს აკეთებს აფრიკის სირთულეების შესამსუბუქებლად, რადგან ისინი ძირითადად მდიდარ ქვეყნებში გადის“.
პუტინი „ახალი რეალობების“ დაშვებას ითხოვს, რაც ნიშნავს რუსეთის მიერ ანექსირებული 5 რეგიონის აღიარებას, რომელთაგან ოთხს მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს - თუმცა ეს წითელი ხაზია კიევისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სატელევიზიო გამოსვლების დროს განაცხადა, რომ მოსკოვი იზიარებს აფრიკული გეგმის „მთავარ მიდგომებს", მაგრამ კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ეს „რთულად განსახორციელებელია“. პესკოვმა დაამატა, რომ პუტინი დაინტერესდა გეგმით, რომლის 10 პუნქტი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ თავის პრეზენტაციაში ჩამოაყალიბა და რომ რუსეთი გააგრძელებდა დიალოგს აფრიკის ქვეყნებთან.
რუსეთმა ახლახან განაცხადა, რომ გაეროს და თურქეთის შუამავლობით, გასულ ივლისში მიღწეულ ინიციატივას არ განაახლებს. თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშა, რომ აფრიკელ ლიდერებს ზელენკის გზავნილი არ გადაუციათ.
აფრიკული დელეგაციის სამშვიდობო ინიციატივა კიევში უფრო ადრე, წინა დღით უარყვეს.
აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამორიცხავს, ვიდრე კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს ომის არა დასრულებას, არამედ, მხოლოდ გაყინვას.
შაბათს თავის ღამის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაეხმარა უკრაინას „კახოვკის ჰესზე რუსული ტერაქტის შედეგების“ დაძლევაში. ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა ლუქსემბურგის მიმართ, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ლუქსემბურგი რიგით 26-ე ქვეყანაა, რომელმაც ეს ოფიციალურად გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, 16 ივნისს, აფრიკის ქვეყნების „სამშვიდობო მისია“ კიევს სარაკეტო თავდასხმის ფონზე ეწვია.
17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფოსა, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, „სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში“, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ცნობისთვის, კიევი არც ჩინეთის და არც ინდონეზეიის სამშვიდობო წინადადებებს ეთანხმება.
ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. როგორც ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ განაცხადა, სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნას და გაეროს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვაs „სადავო ტერიტორიებზე“.
რუსული არმია სჩადის ომის დანაშაულებს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს, უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ალტერნატიული სცენარი არ შეიძლება არსებობდეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ინდონეზიის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.
„გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან. სწორედ ამას ისახავს მიზნად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა“, - მიიჩნევს კიევი.
რამდენიმე თვის წინ ჩინეთმაც გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე.
ზელენსკიმ წარადგინა კიევის სამშვიდობო ფორმულა, რომელსაც დასავლეთიც მხარს უჭერს.