როგორ აფასებენ საფრანგეთი და გერმანია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

გერმანიის ევროპულ საკითხთა მინისტრის, ანა ლუჰრმანის განცხადებით, საქართველოს ადგილი მკაფიოდ არის ევროპულ ოჯახში, ამისთვის კი, ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს.

სტოკჰოლმში, სადაც ლიდერები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მოისმენენ, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან რეფორმების შესრულებას ითხოვენ არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა“.

„მე შევხვდი ბევრ ერთგულ ქართველს, რომლებმაც თქვეს, რომ ძალიან უნდათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, რაც აქამდე მოვისმინეთ კომისიიდან, ხელისუფლება ამ მომენტში არ ამართლებს ამ მოლოდინს. რეფორმები ნამდვილად არ არის იქ, სადაც უნდა იყოს და ძალიან მკაფიოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან ამ რეფორმების შესრულებას ითხოვენ, არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად ეფუძნება კანონის უზენაესობას.

რაც მოვისმინეთ კომისიისგან და გავიგებთ კიდევ უფრო მეტ დეტალს დღეს, არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმებს, ბევრი საკითხია. ასევე, იყო დისკუსია იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას და უფრო დეტალებს მოგვიანებით გავიგებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში“, – განაცხადა მინისტრმა.


თავის მხრივ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ლოურენს ბუნმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია.

„ვფიქრობ, არაფორმალურ შეხვედრაზე კომისიის ანგარიშის მოსმენამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მოვუსმენთ მათ. ეს არაფორმალური შეხვედრაა და ამ შეხვედრის მიზანს ამ ქვეყნების დახმარება წარმოადგენს ფორმალური ანგარიშის წარდგენამდე, რომელიც ოქტომბერში მოხდება.

საფრანგეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეის მდგომარეობით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ იმდენად მზად ვართ, მივიღოთ საქართველო, რამდენადაც საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს, გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რეკომენდაციები პოზიტიური იქნება, მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რეკომენდაციები. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დახმარება რეფორმების განხორციელებაში, ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. ასევე, საჭიროა, რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლოურენს ბუნმა.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა რეფორმები თავად ევროკავშირსაც, ლოურენს ბუნმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.

„სრულად ვეთანხმები ამას. 27 პლუს ათი თუ რვა, ეს იქნება დიდი შოკი ევროკავშირისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ევროკავშირი იყოს მორგებული ამაზე. ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი იმის გასაანალიზებლად, თუ რა ტიპის რეფორმებია საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ევროკავშირის რეფორმები, როდესაც პარალელურად ეს ქვეყნები განახორციელებენ თავიანთ რეფორმებს“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.