ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი, საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს.
ევროკომისარმა ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე წარადგინა ზეპირი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ საქართველო უკრაინა და მოლდოვა მათთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს.
„დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული არსებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული.
ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს კანონის მიღებაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სისტემურ მიდგომას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერების მიმართულებით.
რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან უნდა გაზარდოს როგორც ჟურნალისტების, ასევე, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“, - განაცხადა ვარჰეიმ.
- „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები.
ვარჰეის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია.
რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება.
ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
- „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.